
ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შესვლამდე დაადასტურა, გამოსვლისას კი დააზუსტა, რატომ ეწინააღმდეგებოდა უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას - გენერალურ პროკურატურაში სუს-ის ყოფილი უფროსის სტატუსით მისულმა ვახტანგ გომელაურმა, გიორგი გახარიას 2019 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და თქვა, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ქვეყანა სამხედრო ესკალაციის საფრთხის წინაშე დააყენა. გომელაურის თქმით, გახარიამ თვითნებურად იმოქმედა და გადაწყვეტილება არც სუს-თან და არც სხვა შესაბამის სამსახურებთან შეათანხმა.
რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნა - ამას რამდენიმე მუხლით დაწყებული გამოძიება დაადგენს, რომლის შესწავლის ერთ-ერთი საგანიც, სწორედ ჩორჩანას ეპიზოდია. განცხადება გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში, ვახტანგ გომელაურის მისვლიდან მალევე გაავრცელა.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისული გახარია თავადაც ადასტურებდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციისგან განსხვავებულად იმოქმედა, თუმცა იქვე ამტკიცებდა, რომ მის გადაწყვეტილებას რისკები არ მოჰყოლია - საპირისპიროს აცხადებენ ადგილობრივები, რომლებიც იხსენებენ, რომ 2019 წლის გადაწყვეტილების საპასუხოდ საოკუპაციო ძალებმა ადგილზე ერთდროულად რამდენიმე საგუშაგოც ჩადგეს და მას შემდეგ, ვეღარ სარგებლობენ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე არსებული ტყით. საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე, სოფელ ჩორჩანას ერთ-ერთმა მკვიდრმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს დღეს ჩორჩანას საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილების შედეგების გარდა, დამატებით ეჭვებს იწვევს ის, თუ რატომ იმოქმედა გახარიამ თვითნებურად, სუს-ის წინააღმდეგობის მიუხედავად.
2019 წლის აგვისტო - სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა პროკურატურის გარდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანიცაა.