
რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნა - ჩორჩანას ეპიზოდს გენერალური პროკურატურა სწავლობს. საუბარია 2019 წელს გიორგი გახარიას ბრძანებაზე, რომლის თანახმად ჩორჩანას საგუშაგო გაიხსნა.
გახარიას ამ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, ყოფილმა პრემიერმა და შსს-ს ყოფილმა მინისტრმა გახარიამ პასუხი უნდა აგოს.
ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ თავად ექსპრემიერის გუნდში. ჩორჩანას ეპიზოდს იძიებს საგამოძიებო კომისიაც. კანონმდებლებმა თავად გახარია ამ თემაზე უკვე გამოკითხეს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ჩორჩანას ეპიზოდი იყო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც შეაჩერა ოკუპირებულიც ცხინვალის ე.წ. მთავრობის დამატებითი პრეტენზიები.
"ჩორჩანასთან პოლიციური საგუშაგო, რომელიც არის უპრეცედენტო "ქართული ოცნების" პირობებში, იყო ის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, რამაც შეაჩერა დამატებითი პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ღიად განაცხადა, როგორც ჩორჩანაზე, ასევე თრუსოს ხეობაზე, კობი-გუდაურზე და 27 ტერიტორიულ ერთეულზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად სივრცეში, რომელიც არასდროს არ ყოფილა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში წარსულში", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.