17 ივლისი 2025,   19:51
ვრცლად
"ნუ ეძებთ დიდ დაპირისპირებას ოპოზიციაში, ვეძებოთ რა გეგმები აქვთ. საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება მათთვის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის" - გია ვოლსკი

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში - არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით.

"ძლიერი საქართველო", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს, "კოალიცია ცვლილების" წევრები კი მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ხვდება, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარის თქმა არასწორი ნაბიჯი იყო.

"დესტაბილიზაცია იყო შეკვეთა და ამ შეკვეთას დღემდე ინტენსიურად ასრულებენ. უარი თქვეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დღეს, ზოგიერთი ხვდება, რომ ეს შეცდომა იყო. ვინაიდან, რევოლუცია არ მოხდა, სისხლი არ დაიღვარა, მცდელობებს დღესაც არ აკლებენ.

"ლელომ" განაცხადა კიდეც, რომ მონაწილეობა მიიღეს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც, შედეგს ვერ მიაღწიეს და აქედან გამომდინარე აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას.

არის მეორე მხარე, ვინც ობსტრუქციას, საბოტაჟს აგრძელებს. ერთიც და მეორეც არის მოწონებული იმ ძალების მიერ, რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ გარედან.

ნუ ეძებთ დიდ დაპირისპირებას ოპოზიციაში, ვეძებოთ ერთს და მეორეს რა გეგმები აქვს, რა სურთ. საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება მათთვის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები