
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში - არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით.
"ძლიერი საქართველო", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები კი, მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ლოგიკა არ გააჩნია.
"ყველაზე ხმამაღლა ბოიკოტი გამოაცხადა "ლელომ", როდესაც სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის განცხადებას შეუერთდა. ზუსტად ერთ კვირაში დაიწყო საუბარი, რომ დისკუსიაა გასახსნელი.
როდესაც მარტის არჩევნებში არ მიიღო ზვიად გამსახურდიამ მონაწილეობა და მაშინ თავად ბატონი ბადრი ჯაფარიძეც ეროვნული მოძრაობის ნაწილი იყო, მაშინ ზვიად გამსახურდია მხარ-თეძოზე წამოწვა?! მხარ-თეძოზე წამოწვა თავად ბადრი ჯაფარიძეც 90 წელს?! არა მგონია!
ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ არ უნდა მიიღო გასვლის გადაწყვეტილება. ეს როგორ არის ნორმალური ლოგიკა ვინმემ ამიხსნას", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მას სჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს.
"არავის არაფერში ვადანაშაულებ. ვთავაზობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ დასაბუთებულად, არგუმენტირებულად. საბოლოო ჯამში, მჯერა, რომ ყველა მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.