08 ივლისი 2025,   05:26
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების დილემა - თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, 4 ოპოზიციური პარტია შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევს

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი იმ ბარიერგადალახულ პარტიებს ადანაშაულებს, ვინც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი, მათთან შეუთანხმებლად გამოუცხადა. "ლელოსთვის" მიუღებელია ყველა ვინც, საარჩევნო მარათონში ჩართვაზე უარს კატეგორიულად აცხადებს. ასეთი ორი პარტიაა "ნაციონალები" და ყოფილი "ნაციონალები," რომლებიც "ძლიერი საქართველოს" მტკიცებით, ამ დრომდე კომფორტის ზონაში რჩებიან. ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, დღეს მის პარტიაში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის ინსტრუმენტია, რომელიც გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს.

"ძლიერ საქართველოსთან" მსჯელობას არ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა." ექსპრეზიდენტის პარტია ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ "ლელო" იყო პირველი, ვინც თვითმმართველობის არჩევნებს ჯერ ბოიკოტი გამოუცხადა, საკუთარი პირობა კი ზუსტად ერთ კვირაში გატეხა. "ძლიერი საქართველოსგან" არგუმენტებს ახლა "ნაციონალური მოძრაობის"კოალიციური პარტნიორებიც ითხოვენ.

"ლელოს" გადაწყვეტილება ლოგიკური არც ყოფილი "ნაციონალებისთვის" არის. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ხაზარაძე-ჯაფარიძე საჯარო დებატებში დღეს კიდევ ერთხელ გამოიწვიეს.

ოპოზიციონერი კოლეგების აზრი მნიშვნელოვანი არ არის გახარიას გუნდისთვის, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ერთადერთი საკითხი, რაზეც ექსპრემიერის გუნდი, სხვა სუბიექტებთან კონსულტაციებს განიხილავს-დედაქალაქის მერობის ნეიტრალური კანდიდატია.

ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არაფერს ცვლის მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნება" 4 ოქტომბრის მარათონისთვის და მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. ბარიერგადალახული პარტიები კი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შეფასებით, დავალებებს ამ დრომდე უცხოელი დამფინანსებლებისგან ელოდება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, 4 ოპოზიციური პარტია შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევს. "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევა კი ამბობს, რომ მათ მიერ გამოკითხული 2 000 რესპონდენტიდან 54% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 5-დან 20 მაისის პერიოდში ჩატარდა.

დღის ამბები