08 ივლისი 2025,   06:21
ვრცლად
ძალადობისა და აგრესიის წახალისების შემცველი პოსტები სოციალურ ქსელში - მმართველი გუნდი ძალადობის წახალისების მორიგ მცდელობაზე საუბრობს

ამორალური, ძალადობისა და მკვლელობის წახალისებისკენ მიმართული, სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის მომხრეების მხრიდან, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ინტერესების მთავარი გამტარებლები სწორედ ისინი არიან, ვინც განსაკუთრებული აგრესიით და მუქარით გამოირჩევიან.

ძალადობის და აგრესიის წახალისების შემცველი ის პოსტები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

ოპოზიციის მხარდამჭერ Facebook მომხმარებლებს გაზიარებული აქვთ ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში გადაღებული ფოტოები, რომელზეც ირანელი ჟურნალისტები მოკლული ლიდერების ფონზე დგანან. გაზიარებულ ფოტოებს ახლავს კომენტარებიც.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების ავტორების ნაწილმა ამ თემაზე დღეს კომენტარი არ ისურვა, ერთ-ერთმა კი ტექსტის შინაარსი მოგვიანებით განმარტა და დაწერა, რომ გამოკლებულ ფოტოში ირანის დაზვერვის უფროსი იგულისხმა.

Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტები ოპოზიციაში კითხვებს არ აჩენს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი პოზიცია არა მუქარა და მკვლელობის წახალისება, არამედ გამოხატვის თავისუფლებაა.

მიზანმიმართული ქმედება, რომლის შედეგიც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა იყოს, ამ სურვილს ხედავენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის მიღმა.

სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფისა და აგრესიის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, მმართველ პარტიას შსს-ში საჩივარი სხვა შემთხვევებზე უკვე შეტანილი აქვს. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით ოპოზიციისა და მედიის ნაწილი გასულ კვირას გამოიკითხა.

დღის ამბები