
როგორ მოხვდა გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ლექციაზე ერთ-ერთ სპიკერად, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის მე-8 ნომერი - პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური უწყებისგან განმარტებას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი გერმანიის საელჩოს მიერ ჩატარებულ იმ შეხვედრას ეხმიანება, რომელზეც დიპლომატიურმა მისიამ საბჭოთა საქართველოს რეალობასთან პარალელების გასავლებად ირაკლი ხვადაგიანი მიიწვია. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აფასებს ცინიზმად პარლამენტის სპიკერი.
გერმანიის საელჩოს გადაწყვეტილებას მიესალმება "ნაციონალური მოძრაობა". მიხეილ სააკაშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ხვადაგიანს პარტიული საქმიანობა მიუკერძოებლობაში ხელს არ უშლის. საპირისპიროზე საუბრობენ გახარიას პარტიაში.
დაცინვა და სერიოზული პოლიტიკური დემარში - ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის საელჩოს მიერ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრისთვის, ირაკლი ხვადაგიანისთვის ტრიბუნის დათმობას. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ
გერმანიის ელჩისთვის ყოფილი ხელისუფლების დანაშაულები არაფერს ნიშნავს.
რა ნიშნით შეირჩა წარსული გამოცდილების გასაზიარებლად ერთ-ერთ გამომსვლელად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - "კურიერმა" დიპლომატიურ სამსახურს შეკითხვა წერილობით გაუგზავნა, თუმცა გერმანიის საელჩოს ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.