08 ივლისი 2025,   06:22
ვრცლად
ჩორჩანას ეპიზოდი და გამოკითხვები პროკურატურაში - გიორგი გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, დღეს, პროკურატურაში 2019 წელს ჩორჩანას ტყეში საგუშაგო პოსტის ჩადგმასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო მისიებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

საგუშაგოს გახსნას, მაშინ ტაბატაძის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამხედრო მანევრირება და წაღვლის ტყეში 5 ბლოგპოსტის დადგმა მოჰყვა. ვითარება განიმუხტა, თუმცა 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მილიონი კვადრატული მეტრი ტყითა და საძოვრებით ვეღარ სარგებლობს.

რატომ არ მოქმედებდა ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინირებულად და რა ზიანი მიაყენა ეროვნულ უსაფრთხოებას ჩორჩანას ეპიზოდმა - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გიორგი გახარიას 23 ივნისს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოუწევს. ექსპრემიერი კომისიაზე უკვე მეორედ დაიბარეს. თეა წულუკიანის თქმით, პირველი გამოძახების დროს, გახარიას მიერ ჩორჩანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლების მონაყოლს არ ემთხვევა.

პროკურატურაში დაწყებულ მოკვლევას და საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ გიორგი გახარიას გუნდში. ექსპრემიერის თანაპარტიელები კვლავ ამტკიცებენ, რომ 2019 წლის აგვისტოში ჩორჩანას ტყეში ბლოკსაგუშაგოს ჩადგმამ, ქვეყანა ე.წ. მცოცავი ოკუპაციისგან მშვიდობიანი გზით იხსნა.

ყოფილ პრემიერის პოზიცია დღეს ოპოზიციონერმა კოლეგებმაც დაიცვეს და გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლისგან თავშეკავება ურჩიეს.

ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს დადგმის ეპიზოდთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებს გახარიასთან მიმართებით ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ. ამბობენ, რომ 2019 წლის აგვისტოში იმდროინდელი შს მინისტრის ინდივიდუალურმა გადაწყვეტილებამ ქვეყანა სერიოზული სამხედრო ესკალაციის საფრთხის წინაშე დააყენა. შესაბამისად, სამომავლო საფრთხეების პრევენციისთვის, "ოცნებაში“ არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებას აუცილებლად მიიჩნევენ.

ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი 2019 წელს, ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე, 319-ე და 321 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გულისხმობს.  

დღის ამბები