
"ადამიანი პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და პირდაპირ არის ექსტრემიზმის ნათელი მაგალითი საქართველოში" - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ლექციაზე, ერთ-ერთი სპიკერად ბექა კობახიძის მიწვევას.
მაჭავარიანის თქმით, ბექა კობახიძე, რომეილც არის "ილიაუნის" უნივერსიტეტის ლექტორი, განსაკუთრებული ექსტრემიზმით გამოირჩევა.
"ეს კიდევ უფრო ტრაგიკულია, ვინაიდან, ჩვენ ბატონი პაპუაშვილის პოსტი ვიხილეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მერვე წევრი დააჯილდოეს გერმანიის საელჩოს ეგიდით. სამწუხაროდ, ძალიან გამოირჩევა გერმანიის საელჩო ამ ბოლო დროს "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობით. თუმცა, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ეს ჯილდო უნდა მიეღო ბატონ კობახიძეს, რომელიც გახლავთ "ილიაუნის" უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც შებრუნებულ ისტორიას ასწავლის თავიანთ სტუდენტებს. რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ექსტრემიზმით ზოგადად აქციებზე, თავისი ქცევებით, თავისი პოსტებით. ადამიანი პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და პირდაპირ არის ექსტრემიზმის ნათელი მაგალითი საქართველოში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ლექცია, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც ნაციონალური მოძრაობის სიის მერვე ნომერი, ირაკლი ხვადაგიანი იყო, მეორე დღეა განხილვის თემაა. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ბექა კობახიძემ, რომელმაც დაწერა, რომ ღონისძიებაზე თავად იყო მიწვეული, თუმცა ოჯახური პირობების გამო, ლექციას თავად ვერ დაესწრო და საელჩოს ხვადაგიანის კანდიდატურა შესთავაზა.