
"პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის ელჩის მხრიდან, სამწუხაროდ, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ახალი ამბავი არ არის და პერმანენტულ სახეს იღებს", - ამ განცხადებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ლექციაზე, ერთ-ერთ სპიკერად ბექა კობახიძის მიწვევას ეხმაურება.
როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, ამ საქმიანობის ფორმატი არ წარმოადგენს დემოკრატიის წინსვლის ხელშეწყობას საქართველოში.
"შალვა პაპუაშვილის კონკრეტულმა სტატუსმა კიდევ ერთხელ სარკეში ჩაახედა ის პირები, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ყველა რადიკალი და მათი ხელშემწყობი იდეოლოგი. საქმიანობა და ფორმატი ამ საქმიანობისა, ნამდვილად არ წარმოადგენს არც დემოკრატიის წინსვლის ხელშეწყობას საქართველოში და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის ელჩის მხრიდან, სამწუხაროდ, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ახალი ამბავი არ არის და პერმანენტულ სახეს იღებს. ყველა, ვინც ცდილობს, რომ მათდამი ნათქვამი სიმართლე ასე მძიმედ მიიღოს, ბუნებრივია, ეს არის მათი მხრიდან ჩვეულებრივი რეაქცია, იმიტომ, რომ როცა ადამიანს ეუბნები სიმართლეს და ჩაახედებ სარკეში, მისგან იღებ რეაქციას და ამ შემთხვევაში, ყველ,ა ვინც ატარებს ლექციებს, მუშაობს ახალგაზრდებთან თუ ზოგადად ცდილობს, რომ რადიკალიზმი, საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, აგენტურის მოძლიერება რაიმე ფორმით გაამართლოს, ის ცხადია, რომ აკეთებს ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს და პირდაპირ თუ ირიბად, ემსახურება იმ ძალებს, ვისაც საქართველოში მშვიდობა არ სურს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.