
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მიამიტობა იქნება პარტნიორების მხრიდან, რომ გაჯიუტდნენ და არ აღიარონ, რომ ეს არის "სპეცოპერაცია და არა თვითმმართველობის არჩევნები".
მისი თქმით, საქართველოში არჩევნების კუთხით მდგომარეობა არა თუ არ გაუმჯობესებულა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა.
"რბილად რომ ვთქვათ, მიამიტობა იქნებოდა ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ გაჯიუტდნენ და არ აღიარონ, რომ ეს არის სპეცოპერაცია და არა არჩევნები. მდგომარეობა არა თუ არ გამოსწორებულა, არამედ კიდევ უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ იმის თქმა, რომ თურმე მთლად ისე ცუდადაც არ ყოფილა საქმე და ვიღაცას გამარჯვება შეუძლია, აბსურდია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, "ლელოსთან" არანაირი პრობლემა არ აქვთ, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტნიორობა მათთვის წითელი ხაზია.
"თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკურად შტაბი იქნება თუ პლატფორმა, ამაზე შეთანხმება ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება. "ლელოსთან" ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის განაყოფს, ამ პარტიებთან ჩვენ რომ ვერ ვიქნებით კოალიციაში ეს თქვენ იცით და ჩვენმა მოქალაქეებმაც კარგად იციან. ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. მაგრამ, არსებულ ვითარებაში, ვთავაზობთ შევთანხმდეთ პოლიტიკურად ნეიტრალურ, საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატებზე და იქნებ ეს იყოს ჩვენი ერთიანობა და ყველამ საკუთარი პარტიული ინფრასტრუქტურით დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატებს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.