17 ივლისი 2025,   11:02
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლა დაიბარეს

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლაა დაბარებული. "ლელოს" ლიდერმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც მიღებული უწყება დაურთო. მამუკა ხაზარაძეს იბარებენ ახსნა-განმარტებისთვის 2012- 2025 წლებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ მოქმედებების შესახებ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კომისიაზე გამოცხადებას ამჯერადაც არ აპირებს, ის პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს და დაშინების მცდელობაზე საუბრობს.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"პოლიტიკური დევნა გრძელდება, კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ჩვენი პოლიტიკური ძალის. მიზანი მგონი ნათელია, აქ არის ლაპარაკი ღიად გაცხადებულ სურვილზე, რომ ჩვენი პარტია აღარ არსებობდეს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდირებულად, ერთად, ნაკლები კინკლაობით და დარტყმით ჩვენს მხარეს", - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით უკვე აღძრულია საქმე. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული აქვს 50 000 ლარიანი გირაო, რაც მან გადაიხადა. საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.

დღის ამბები