
"თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
ტაბატაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
"რა თქმა უნდა, განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე თურქეთის ეროვნულ კრებას. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. აღინიშნა, რომ სწორედ იმ დროს, როცა უსაფრთხოების გარემო მყიფეა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა," - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თურქეთში ვიზიტი გრძელდება. ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები - ძირითადად ეს თემები განიხილა შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. ვიზიტი ხვალაც გაგრძელდება.