17 ივლისი 2025,   19:03
ვრცლად
ვინ დარჩება საარჩევნო მარათონში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უცხოელი დამფინანსებლების დაკვეთებით მოქმედ სუბიექტებს, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ

ახალ ვერსიაზე საუბარი "ძლიერმა საქართველომ" მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასთან კონსულტაციის შეთავაზების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. "ლელოს" ლიდერმა ბარიერგადალახულ პარტიებს საჯაროდ სოციალური ქსელით მიმართა და თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო სიასა და თბილისში ერთიან ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა შეჯერდეს. მამუკა ხაზარაძის შემდეგ, უკვე დღეს მისი თანაგუნდელებიც ამტკიცებენ, რომ "ლელოს" მუნიციპალურ არჩევნებში, პარტიული და პოლიტიკური ინტერესი არ აქვს.

"ძლიერი საქართველოს" შეთავაზებები მიუღებელია, ამავე კოალიციის ყოფილი წევრებისთვის. "თავისუფლების მოედანი", რომელმაც ხაზარაძე-ჯაფარიძის გაერთიანება 8 თვიანი თანამშრომლობის შემდეგ, 3 თვის წინ დატოვა მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე ფიქრიც დაუშვებელია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გაერთიანებამ მეორე უარი დღეს ექსპრეზიდენტის პარტიიდან მიიღო. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ძლიერი საქართველო" აბსურდულ გადაწყვეტილებებში დაადანაშაულა. საპირისპირო თქვა მისმა კოალიციურმა პარტნიორმა. "სტრატეგია აღმაშენებელი" მზადაა, "ლელოსთან" მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

ერთადერთი, ვინც "ძლიერი საქართველოს" შეთავაზებას უპირობოდ დათანხმდა, გიორგი გახარიას გუნდია. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ საერთო სიისა და ნეიტრალური კანდიდატის იდეას მიესალმებიან.

ოპოზიციას დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში მარცხი გარანტირებული აქვთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უცხოელი დამფინანსებლების დაკვეთებით მოქმედ სუბიექტებს, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ.

ვინ დარჩება საარჩევნო მარათონში?- ოპოზიციურ პარტიებს საბოლოო პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. მუნიციპალური არჩევნები კი 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დღის ამბები