
ისრაელი ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობას არ გამორიცხავს, ირანის მიერ მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილით დასჯილი ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მაგალითი გაახსენა. ისრაელ კაცის პოზიციას იზიარებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ხამენეის ლიკვიდაცია კონფლიქტს დაასრულებს.
ისრაელთან ესკალაციის შესაჩერებლად, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, აბას არაღჩი წერს, რომ დაპირისპირების შესაჩერებლად ვაშინგტონიდან ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია, ამისთვის კი ტრამპმა ისრაელზე ზეწოლა უნდა განახორციელოს. თეირანში ირწმუნებიან, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს.
ირანს უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მოქალაქეებს თეირანიდან სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა სამარცხვინო უწოდა ირანის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქვეყანამ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ გარიგებაზე უარი თქვა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია, ტრამპმა მსოფლიოს ლიდერებთან ""დიდი შვიდეულის"" სამიტზე კანადაში განიხილა, გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორიზმის მთავარი წყაროა. ""სი ენ ენი"" წერს, რომ ტექსტი მას შემდეგ შეათანხმეს, რაც ტრამპმა სამიტი ვადაზე ადრე დატოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით სამიტიდან ვადაზე ადრე ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე სამუშაოდ წავიდა, თუმცა, ემანუელ მაკრონის ეს განმარტება უარყო დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მაკრონი გააკრიტიკა და "ყურადღების მაძიებელი" უწოდა, "რომელსაც წარმოდგენა არ აქვს", რატომ მიემგზავრება ვაშინგტონში" და რომელიც "ყოველთვის ცდება".
მხარეებს შორის დაპირისპირების მეხუთე დღეს, უკვე ცნობილია პირველი შედეგი, რომელიც მსოფლიო ბირთვულ უსაფრთხოებას ახალ გამოწვევას უქმნის. საკითხზე ""ბი ბი სი-სთან"" საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა, რაფაელ გროსიმ თქვა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ქარხანაში, ყველა ცენტრიფუგა არსებითად დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა, ბირთვული გამდიდრების ობიექტზე კი ოთხი შენობა განადგურდა.
მიმდინარე კონფლიქტში მიზნის მისაღწევად, ირანის სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად, ისრაელმა მიზანში ამოიღო ირანის ხელმძღვანელობაც. ისრაელის ძალებმა ირანის გენშტაბის ახალი მეთაური ალი შადმანიც მოკლეს, რომელიც პოსტზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
ისრაელის წერტილოვანი სარაკეტო იერიშის შემდეგ თეირანში სახელმწიფო ტელევიზიის შენობა მთლიანად დაიწვა. არის მსხვერპლიც, დაიღუპა სამი ადამიანი. ""ცახალმა"" სამიზნეს მაშინ დაარტყა, როდესაც ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ისრაელს განადგურებით ემუქრებოდა.
ისრაელის იერიშების შემდეგ თეირანს მოსახლეობა ტოვებს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ირანის დედაქალაქი პრაქტიკულად დაცარიელდა. მრავალკილომეტრიანი საცობებია ქვეყნის რეგიონებთან დამაკავშირებელ ავტომაგისტრალებზე.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე, ლუკა ჩლაიძე.