17 ივლისი 2025,   20:20
ვრცლად
ჯინ შაჰინმა ბაჩიაშვილის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად შეაფასა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის მხარდაჭერის მიღმა, სავარაუდოდ დიდი ოდენობით ფინანსური ინტერესი დგას

სოციალურ ქსელ X-ზე, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა 2 მილიარდის მითვისების საქმეზე, მსჯავრდებულის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად შეაფასა და განმარტა, რომ "მეგობარი აქტით" გათვალისწინებული სადამსჯელო ზომების მიღებაზე აქტიურად იმუშავებს.

ჯინ შაჰინისა და ჰელსინკის კომისიის მხრიდან მსგავსი შინაარსის პოსტები მმართველ გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ქვეყნიდან გაქცეული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის მხარდაჭერის მიღმა, სავარაუდოდ დიდი ოდენობით ფინანსური ინტერესი დგას. "ოცნებისთვის", გიორგი ბაჩიაშვილის ღია მხარდაჭერა იმის დასტურიცაა, რომ ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ინტერესები არსად გამქრალა.

სენატორ შაჰინის "ტვიტის" შინაარსს სრულად იზიარებს ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდობით ლარის მითვისების საქმეში დამნაშავედ ცნეს, ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

ოპნენტებს, ბაჩიაშვილს და ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებს საერთო ლობისტური ფრთის ქვეშ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, სადახლოს გამშვებ პუნქტთან დაკავებული ბაჩიაშვილი, უკანონოდ ნაშოვნი ფულით, საპროტესტო აქციებს აფინანსებდა. მიზანი კი უცხოელი აქტორების მხრიდან ნაკარნახევი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა იყო.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, სასამართლომ ე.წ. ბიტკოინების მითვისების საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, ამ დროისთვის, კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმეა წარმოებაში.

დღის ამბები