
რა შეიცვალა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ? - არჩილ ლომიძემ 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია ჯერ საგამოძიებო უწყებას მიაწოდა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი, უკვე მედიასთან ისაუბრა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა დეტალურად გაიხსენა ის, თუ რა ზიანი მიადგათ ადგილობრივებს მაშინდელი შს მინისტრის 2019 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით. თქვა, რომ სწორედ მას შემდეგ ვეღარ სარგებლობს მოსახლეობა ტერიტორიაზე არსებული ტყითა და საძოვრებით. არჩილ ლომიძე ყვება, რომ ქართული საგუშაგოს გახსნას საოკუპაციო ძალების მყისიერი რეაგირება და საპასუხოდ რამდენიმე ბლოკ-პოსტის აშენება მოჰყვა.
როგორც ადგილობრივების, ისე თანამდებობის ყოფილი პირების განცხადებებს სრულადაა აცდენილი გიორგი გახარიას ჩვენება, რომელიც მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მისცა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ მაშინდელმა შს მინისტრმა უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, თვითნებურად იმოქმედა - შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო მისიებთან შეთანხმების გარეშე.
პროკურატურის პარალელურად, ჩორჩანას ეპიზოდს აქტიურად სწავლობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, სადაც გიორგი გახარია უკვე მეორედ, ამჯერად, კონკრეტულ საქმეზე დაიბარეს. მივა თუ არა სხდომაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი? - ლიდერის პოზიცია გუნდში არ იციან.
გახარიას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ელოდებიან ოპოზიციაშიც, სადაც ჩორჩანას მცხოვრებლების მონათხრობის ნაკლებად სჯერათ. მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, რომელმაც მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა პირიქით, უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარეობდა.
რატომ არ შეათანხმა გახარიამ საგუშაგოს გახსნა საკუთარ გუნდთან და რატომ ამტკიცებს, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა - "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ გამოძიებამ მინიმუმ ამ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მილიონი კვადრატული მეტრი ტყე ის მინიმალური ზიანია, რაც ქვეყანას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თვითნებური ქმედებით მიადგა, რადგან სამხედრო ესკალაციის საფრთხე მაშინ რეალური იყო.
ჩორჩანას ეპიზოდი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაწყებული გამოძიების მოკვლევის საგანია, რაც საბოტაჟს და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას უკავშირდება. საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ ვახტანგ გომელაური, როგორც სუს-ის ყოფილი უფროსი, მისი ყოფილი მოადგილე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.