
პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ მისიას განმარტებისკენ მოუწოდებს. როგორ მოხვდა გერმანიის საელჩოს ორგანიზებულ ლექციაზე, წარსული გამოცდილების გასაზიარებლად ერთ-ერთ გამომსვლელად მიხეილ სააკაშვილის პარტიის სიის მე-8 ნომერი? - ამ კითხვით დიპლომატიურ უწყებას, შალვა პაპუაშვილი მიმართავს.
დღეს გაირკვა, რომ გერმანიის საელჩოს სპიკერად ბექა კობახიძე ჰყავდა დაპატიჟებული, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, ის ღონისძიებას ვერ დაესწრო. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, დიპლომატიურ მისიას ხვადაგიანის კანდიდატურა თავად შესთავაზა.
ვერც ბექა კობახიძის და ვერც ირაკლი ხვადაგიანის მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავენ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში. გახარიას გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ღონისძიებებზე სტუმრების დაპატიჟება, თავად საელჩოს გადასაწყვეტია.
მმართველი გუნდი პიტერ ფიშერს განმარტებას სთხოვს. "ქართული ოცნება" ცინიზმად აფასებს დიპლომატიური მისიის მხრიდან ღონისძიებაზე იმ პირის მიწვევას, რომელსაც სახელისუფლებო პარტიიის თქმით, ექსტრემისტული იდეები აქვს და აქციის მონაწილეებს ხელისუფლების ცვლილების გზებთან დაკავშირებით ლექციებს უკითხავს.
რა ნიშნით შეირჩა წარსული გამოცდილების გასაზიარებლად ერთ-ერთ გამომსვლელად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - "კურიერმა" დიპლომატიურ სამსახურს შეკითხვა წერილობით გაუგზავნა, თუმცა, საქართველოში გერმანიის საელჩოს ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.