
კიდევ ერთი აღიარება - მმართველი გუნდი ბორის ჩელე ყურუას განცხადებას აფასებს, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, რევოლუციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დღეს ადამიანები ისჯებიან.
"ჯერ ერთი, მანდატები გახარიას პარტიას არ დაუთმია. მანდატების დათმობაზე დასტური "ქართულმა ოცნებამ" გასცა. დანარჩენს რაც შეეხება, ზოგადად, წარუმატებელი რევოლუციის მცდელობის შემდეგ ადამიანები ისჯებიან და, თავისი ჭკუით, ახლა "ქართული ოცნება" მაგას აკეთებს", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რევოლუციის მზადების სცენარზე "ქართული ოცნება" მუდმივად საუბრობდა, რასაც მათი ოპონენტები უარყოფდნენ. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას თქმით, ეს სცენარი დღის წესრიგიდან მოხსნილი არც დღეს არის, თუმცა მცდელობა წარუმატებელი იქნება.
"იმას, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, ახლა თვითონ აღიარებენ. ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? - რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები... კიო, რევოლუციას ვაპირებდითო, მაგრამ არ გამოგვივიდაო. შესაბამისად, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ისევ მადლობა აქვთ, ოღონდ ახალი სახეებით, ახალი ე.წ. პოლიტიკოსებით, ახალი დაქირავებული, დაფინანსებული მარგინალებით, რათა ადგილობრივ არჩევნებზე ისევ შექმნან ეს დაძაბულობის კერა. ეს არის ამათი ამოცანა, მაგრამ არ გამოუვათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.