
რისთვის ემზადება და რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბრისთვის? ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პროცესს ემიჯნება, აღიარებს, რომ ყველანაირად ეცდება არჩევნებზე ნაკლები ადამიანი მივიდეს და პროცესში ნაკლები პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდეს, ამისთვის კი უკვე ემზადება.
"არ უნდა მივიდნენ, არ უნდა აკეთონ" - აცხადებს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში "კოალიცია ცვლილების" ლიდერი ელენე ხოშტარია. მის პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობაც". განსხვავებული პოზიციები აქვთ გახარიას გუნდის წევრებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება და დაძაბულობის კერების შექმნას ცდილობს.
პარტია ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ისინი რევოლუციონერები არ არიან და მათთვის ყველანაირი რადიკალური სცენარი მიუღებელია.
"ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. შესაბამისად, ჩვენთვის ნებისმიერი რადიკალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში არჩევნებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მიუღებელია. ჩვენთვის მისაღები ინსტრუმენტი ამ გზაზე არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მშვიდობიანი ფორმა და ეს არის არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ვერცერთ ასეთ მოწოდებას, ჩვენზე არ იმოქმედებს "ნაციონალური მოძრაობის" ან სხვა ოპოზიციური პარტიის ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მომხრეა რომ არჩევნებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია დაიწყოს, თუმცა საჭიროა ერთიანობა.
"მე ვეთანხმები მას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კამპანია, რომ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა. ვეთანხმები იმ ნაწილს, რომ ერთიანობა არის მნიშვნელოვანი. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვიყოთ კონკურენციაში და ვლანძღოთ ერთმანეთი, პირიქით, საქართველოს გადარჩენისთვის უნდა დავდგეთ ერთად", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.