
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, "ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ, ახალ მოცემულობას გეგმავს".
მისი განმარტებით, ოპოზიციის წევრები მარიონეტები არიან და ისინი გარედან მიღებულ დაკვეთებს ასრულებენ.
"ვერშემდგარი რევოლუციის მერე, გეგმავენ რაღაც ახალ მოცემულობას. რომ ნახეს აქ ძალადობრივი აქციები და რევოლუციები ვერ შედგა, ახლა უკვე ფიქრობენ, ხომ არ მივაღებინოთ მონაწილეობა ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ, მოდი, ჯერ ნახევარს ვათქმევინოთ უარი. ეს ხალხი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან და მართალია, უნიჭოდ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, მაგრამ დაკვეთების შესრულება უწევთ. ასეთია ბედი იმ ადამიანის, რომელიც ჩაეწერება უცხოურ აგენტურაში. მაგალითად: ხაზარაძის განაცხადი თავიდან ბოლომდე შიფრავს იმას, რომ "ნაცმოძრაობაში" და მის ფილიალებში, თავის მხარდამჭერებშიც კი არ აქვთ სანდოობა. ეს არის მოცემულობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.