08 ივლისი 2025,   05:59
ვრცლად
ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს, პოლიტიკურ პროცესებში რა მოხდება, არჩევნებში რა მოხდება და კანონის პროექტი, რომელიც ჩვენ პარლამენტში უნდა შევიმუშაოთ, სად უნდა გავაგზავნოთ და სად არ უნდა გავაგზავნოთ? - გურამ მაჭარაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას. დიპლომატიურმა მისიამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ექსტრემიზმს ახალისებენ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, ეუთო/ოდირის მოწვევა ქვეყანაში სრულად სცდება საელჩოს უფლებამოსილებას. ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა ცესკო-შიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ბრიტანეთის საელჩოს არავინ ეკითხება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში თუ არჩევნებში რა მოხდება.

"გამოდის ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ ვითომ კარგ საქმეებს ემსახურებოდა დაფინანსება. გამოვიდეს და თქვას, რას ემსახურებოდა? თქვას, ის ასეულ ათასობით გირვანქა სტერლინგი რომ უნდა გადაეხადა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საჯაროდ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, თუ ამისთვის არ უნდა გადაერიცხა, მაშინ რისთვის რიცხავდა? გამოვიდეს და თქვას. ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოს ვინ ეკითხება საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში რა მოხდება, არჩევნებში რა მოხდება და კანონის პროექტი, რომელიც ჩვენ პარლამენტში უნდა შევიმუშაოთ, სად უნდა გავაგზავნოთ და სად არ უნდა გავაგზავნოთ? ამას ვამბობთ ზუსტად. აი, ეს არის ის ცეკას მეორე მდივნის ფუნქციები ზუსტად და რუსეთის იმპერიის დროს საქართველოში მეფისნაცვალი რომ იჯდა და იმის ფუნქციები რომ შეითავსეს აქ საელჩოებმა,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები