
ჩორჩანას მკვიდრის, ელგუჯა ხარაზიშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან უწყებას მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ, საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს ტყით და მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დამატებით დაიკავა. საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ელგუჯა ხარაზიშვილმა მედიასთანაც ისაუბრა.
"ჩვენი საგუშაგო რომ გაკეთდა, იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დავკარგეთ ტერიტორიები, საძოვრები, ინერტული მასალის ბაზა და 100 ჰა ტყე. ეს ყველაფერი მოხდა, როდესაც საქართველოს ბაზა ჩაიდგა. რა დანიშნულება ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ იმის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ ჯერ დროშები აღმართეს რუსმა ოკუპანტებმა, შემდეგ ააგეს საგუშაგო, გაჭრეს გზა და შემოვიდნენ 100 ჰა-თი სიღრმეში. მანამდე, ჩვეულებრივად მივდიოდით, ვიყენებდით ამ ნაკვეთებს, ტყეს, რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა, იმის მერე ახლოს ვეღარ მივდივართ. იქ მწყემსსაც კი უთხრეს, 200 მეტრში თუ მოგვიახლოვდები, გესვრითო და უკვე შეშინებულები ვართ და საიდან მივიდეთ იქ?", - ამბობს ელგუჯა ხარაზიშვილი.
დღესვე პროკურატურაში დაბარებულია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი. გამოძიება მიმდინარეობს "საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეზე" რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია.