
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას უცხოელ დამფინანსებლებთან ერთად გეგმავს. ამის დასტური, პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ელენე ხოშტარიას განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ მუნიციპალური არჩევნები არ უნდა შედგეს. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელი დონორები, ვინც აფინანსებენ ან თანამშრომლობენ კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისა და ექსტრემისტული დღის წესრიგის მონაწილეები არიან.
თვითმმართველობის არჩევნებზე ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთ ტელეეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საარჩევნო მარათონი არ უნდა შედგეს და 4 ოქტომბერი შეურიგებლობის თარიღად უნდა იქცეს. "დროას" ლიდერი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა საოლქო კომისიების პარალიზებაა.
ხოშტარიას ამ განცხადების შემდეგ, უკვე დღეს მისი თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი მხოლოდ არჩევნების ბოიკოტსა და მის საწინააღმდეგო კამპანიაზე საუბრობდა.
ელენე ხოშტარიას იდეებს იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და არ მალავენ, რომ ანტისაარჩევნო კამპანიასა და კრიზისის შექმნის სხვადასხვა მეთოდზე თავადაც მუშაობენ.
საპირისპირო გზას ირჩევს გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ნებისმიერ სცენარს ემიჯნებიან, რომელმაც შესაძლოა არეულობა გამოიწვიოს.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ოპოზიციას უცხოური დაფინანსებით შედგენილი რევოლუციური გეგმა დღის წესრიგიდან ამ დრომდე არ მოუხსნია. ელენე ხოშტარიას განცხადების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" სხვა ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურ აღსარებებსაც ელოდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება არეულობის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ოპოზიციაში მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარზე მუშაობენ. "ნაციონალები" და ყოფილი "ნაციონალები" ბოიკოტს, გახარიას და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდები კი, მარათონში მონაწილეობას ირჩევს.