08 ივლისი 2025,   05:25
ვრცლად
პრემიერისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს ბრიტანეთის საელჩო იმ სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, რომლის დასკვნაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ თავად არ უღიარებია - შეფასებები დიპლომატიური მისიის განცხადებაზე

დიდი ბრიტანეთის საელჩო ხელისუფლებისგან ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევას ითხოვს - სპეციალური განცხადება დიპლომატიურმა სამსახურმა სოციალური ქსელით დღეს გაავრცელა. საელჩო საქართველოს 2019 წელს გაფორმებულ პარტნიორობის ხელშეკრულებასაც ახსენებს და ადასტურებს, რომ სამოქალაქო სექტორისა და მედიის დაფინანსება ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების მიზნით ხდებოდა.

ეუთო/ოდირის მისის მუნიციპალურ არჩევნებზე მუშაობა რომ პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდი არაა, ეს დღეს პარტნიორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუხსნა. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია ისიც, რატომ ითხოვს საელჩო იმ სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, რომლის დასკვნაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ, თავად არ უღიარებია.

რატომ გადაწყვიტა საელჩომ ეუთო/ოდირის თვითმმართველობის არჩევნებზე მოწვევა, როდესაც ორგანიზაციის დასკვნას ბოლო არჩევნებზე დიპლომატიური მისია არ იზიარებდა - ამ კითხვით "კურიერმა" დღეს ბრიტანეთის საელჩოს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. სადამკვირვებლო მისიების მუშაობის პრაქტიკა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ცესკოში.

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას სრულად იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ეუთო/ოდირის გარეშე მუნიციპალური არჩევნები არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ტარდება.

ოპონენტებს დეზინფორმაციის გავრცელებაში, ბრიტანეთის საელჩოს კი, ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, საელჩომ სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია, როდესაც მისიის ხელმძღვანელი ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩაერია, საელჩოდან კი პარტიული მედია და მიკერძოებული "ენჯეოები" ფინანსდებოდნენ.

ბრიტანეთის საელჩომ ვრცელი ტექსტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა. დიპლომატიური მისია არჩევნების დამკვირვებლად იმ ორგანიზაციის მოწვევას ითხოვს, რომელის დასკვნასაც რამდენიმე თვის წინ უნდობლობა თავად გამოუცხადა.

დღის ამბები