
7 პროექტი და ერთი შეჯერებული ვარიანტი - ევროპარლამენტი ხვალ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას მიიღებს, რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება წინამორბედებისგან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოთხი სისხლის სამართლის მუხლით მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ამჯერად ევროპარლამენტარები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, ასევე ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და აქტივისტ მათე დევიძის გათავისუფლებასაც ითხოვენ.
რეზოლუციის 7 სხვადასხვა პროექტიდან დეპუტატები ერთ შეჯერებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის მხარდამჭერები გმობენ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე თავდასხმას. ისევ ითხოვენ სანქციების დაწესებას და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას. ევროპელი დეპუტატების ნაწილმა პოზიცია პერფორმანსითაც გამოხატა და საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპარლამენტის დერეფანში სხვადასხვა ბანერებით გააპროტესტა.
ევროპარლამენტარების მიდგომა ადრესატებისთვის ორმაგი სტანდარტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი სიცრუის ტირაჟირებითაა დაკავებული, რაც ქართულ საზოგადოებაში ევროპარლამენტის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს აჩენს.
რეზოლუციის სხვადასხვა პროექტებს შორის იყო პოლიტიკური ჯგუფი "სუვერენული ერების ევროპის" ალტერნატიული ვერსიაც, თუმცა შეჯერებულ დოკუმენტში მის გაზიარებაზე უარი თქვეს. ალტერნატივა 4 ძირითად პუნქტს მოიცავდა:
1. ამაღლობელის დაკავება მოხდა ოპოზიციის ქუჩის პროტესტების კონტექსტში, რომლებიც მოითხოვდნენ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას;
2. საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ფართო დაცვით;
3. აფრთხილებს ევროკავშირს, რომ ლეგიტიმური არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების გამო, გაუქმების მცდელობების მხარდაჭერით, ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ხელს უწყობს პოლარიზაციასა და არასტაბილურობას;
4. აღნიშნავს, რომ საქართველოში ონლაინ მედია გარემო მრავალფეროვანია და ხელმისაწვდომია თემების ფართო სპექტრის კონტენტი;
რეზოლუციის შეჯერებული ვერსიით ოპოზიცია კმაყოფილია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კრიტიკული დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს
ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ევროპარლამენტარების ნაწილის დამოკიდებულება ანტიქართულია.
რეზოლუციის შეჯერებულ პროექტზე კენჭისყრას ევროპელი დეპუტატები ხვალ გეგმავენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე