08 ივლისი 2025,   06:52
ვრცლად
"ჩვენი მცდელობა არის ერთობის შექმნა ოპოზიციურ ველზე. შევთავაზეთ ეს ერთობა კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, სადაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა წარსულზეც, აწმყოზეც, მომავალზეც" - ირაკლი კუპრაძე

"ჩვენი მცდელობა არის ერთობის შექმნა ოპოზიციურ ველზე" - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ცვლილებისთვის გამოსავალი სწორედ ერთობაშია. მისივე თქმით, დედაქალაქში გაერთიანებულ ოპოზიციას ამომრჩეველთა 66% უჭერს მხარს, ხოლო "ქართულ ოცნებას" 25.

"ჩვენი მცდელობა არის ერთობის შექმნა ოპოზიციურ ველზე. ერთობის შექმნისთვის გადავდგით ნაბიჯები, შევთავაზეთ ეს ერთობა ჩვენს კოლეგა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, სადაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა წარსულზეც, აწმყოზეც, მომავალზეც, განსხვავებული ხედვები გვაქვს ხშირად.

ვთვლით, რომ ერთობა არის გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებისთვის. ამაზე მიუთითებს ის სოციოლოგიური კვლევები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, თბილისის შემთხვევაში,მხარდაჭერის 66% აქვს პროდასავლურ ოპოზიციას, "ქართულ ოცნებას" 25%. ასეთი დიდი სხვაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს შორის, სხვა ქალაქებში არ იგრძნობა. რუსთავშიც ძალიან დიდი შედეგებია ოპოზიციის სასარგებლოდ, ზუგდიდშიც, მაგრამ თბილისი არის გამორჩეული ამ მიმართულებით.

შეთანხმება გვინდა, რომ გამოსულიყო ერთიანი გადაწყვეტილება მონაწილეობაზე, ერთიანი კანდიდატების შეთანხმებაზე. "ქართულმა ოცნებამ" უფრო მეტად რეპრესიული გახადა, ჩაკეტა ცვლილებების შესაძლებლობა - მაჟორიტარების რაოდენობა ხელოვნურად გაზარდეს იმიტომ, რომ მაჟორიტარებში გამარჯვების მეტი იმედი აქვთ. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი, ეს 25 ოლქი, რომელიც ახლა შექმნა "ქართულმა ოცნებამ", 18 უკვე მოგებული აქვს ოპოზიციას", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

დღის ამბები