
ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ ბრიტანეთის საელჩო და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს? შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ერთი კვირის წინ გაგზავნილ ამ შეკითხვაზე ბრიტანეთის საელჩოდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
"სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა", - წერს სპიკერი და მაგალითად მომავლის აკადემია მოჰყავს, რომლის ერთ-ერთი წევრიც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ჯაფარიძეა.
თავად გია ჯაფარიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შევიდეს საჯარო რეესტრში და ინფორმაცია მოიძიოს, ირიცხება თუ არა რაიმე ორგანიზაცია მის სახელზე.
"არსებობს საქართველოში საჯარო რეესტრი, საჯარო რეესტრში შეუძლია შევიდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს და ნახოს ჩემს სახელზე თუ რაიმე ორგანიზაცია ირიცხება. მეორე, მე ვარ მასწავლებელი, ვასწავლი სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე, მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა პროექტში, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ წარმოებულ პროექტებში, სადაც მე დამიძახებენ," - აცხადებს გია ჯაფარიძე.