
ირლანდიაში, ყოფილ "დედებისა და ჩვილების სახლში", სადაც, სავარაუდოდ, თითქმის 800 ბავშვის ნეშტია დაკრძალული, გათხრები დაიწყო, - ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორშაბათს პირველადი გათხრები დაიწყო, რათა შემდეგ სრულმასშტაბიანი სამუშაო ჩატარდეს.
ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, 1925-1961 წლებში, გოლვეის საგრაფოში, ტუამში, აღნიშნულ დაწესებულებაში გარდაცვლილი ასობით ბავშვის ვინაობა დადგინდეს.
დაწესებულებებში, ძირითადად, ქორწინების გარეშე დაორსულებული ქალები იყვნენ განთავსებული. ისინი იმ დროს ირლანდიაში სოციალურად მიუღებელ ადამიანებად მიიჩნეოდნენ. გაუთხოვარი დედები, ხშირად, ასეთ დაწესებულებებში საკუთარი ოჯახების დაჟინებული მოთხოვნით იგზავნებოდნენ.
დაწესებულებასთან დაკავშირებული გამოძიება ადგილობრივმა ისტორიკოსმა, კეტრინ კორლესმა დაიწყო, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სახლში 796 ბავშვის გარდაცვალების მოწმობა იყო, მაგრამ დაკრძალვის ჩანაწერები არ იძებნებოდა.
კორლესმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში გარდაცვლილი ბავშვების ცხედრების უმეტესობა ჩაყარეს ყოფილ საკანალიზაციო ავზში, რომელიც "ორმოს" სახელითაა ცნობილი.