
ოპოზიციის ახალი მოთხოვნა, მუნიციპალურ არჩევნებზე მოწვეული იყოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, მმართველი გუნდისთვის ოპონენტების კრიტიკის მორიგი საბაბი გახდა. სახელისუფლებო პარტიაში იხსენებენ, რომ გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციისათვის, ეუთო/ოდირის დასკვნა ოპოზიციისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა. ამ ფონზე, მათი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ ეუთო/ოდირის მოწვევის მოთხოვნა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ფარისევლობად აღიქმება.
ოპოზიციაში, სადაც ლიდერების მხრიდან წარსულში გაკეთებული განცხადებების შეფასებებისგან დღეს თავს იკავებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ხელისუფლება ეუთო/ოდირს გამიზნულად არ იწვევს.
ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს გაკეთებულ საპირისპირო განცხადებებს ახსენებს მმართველი გუნდი. 2024 წელს გაკეთებულ შეფასებებს სატელევიზიო არქივიც ინახავს.
ამ განცხადებებზე დაყრდნობით, მმართველ გუნდში ამბობენ ოპონენტები ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს, კვლავ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
ოპოზიციის მსგავსად, სადამკვირვებლო მისიის მოწვევა ხელისუფლებისგან ბრიტანეთის საელჩომაც მოითხოვა. მუნიციპალურ არჩევნებზე, რომ ეუთო/ოდირის მუშაობა აპრობირებული მეთოდი არაა, პარტნიორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეახსენა. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ საელჩო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ მისიის მოწვევას, რომლის დასკვნასაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავად არ აღიარებდნენ. კომენტარი ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.