
წაღვლის გამგებელი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნის შესახებ არაფერი იცოდა. ჰყვება, რომ საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლება არავის ჩაუყენებია. ვაჟა ლომიძე იხსენებს, რომ 2019 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებამდე, მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდებოდა ტერიტორიაზე, სადაც უკვე 6 წელია საოკუპაციო ძალების ბლოკ-პოსტები დგას. აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების საჭიროება არ არსებობდა.
მოწმის სახით, გამოკითხვაზე იმყოფებოდა სოფელ წაღვლის ერთ-ერთი მოსახლეც. მანანა შეყელაშვილი ამბობს, რომ ტყეს, რომლითაც ადგილობრივები 2019 წლამდე შეუფერხებლად სარგებლობდნენ, დღეს ვერც კი უახლოვდებიან.
რა აუცილებლობა განაპირობებდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილებას და რატომ არ შეათანხმა გიორგი გახარიამ საგუშაგოს გახსნა შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან? - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ კითხვებს პასუხი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმის შესახებ მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცეს, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, სწორედ ჩორჩანას ეპიზოდია.
რას იტყვის თავად გახარია? - ამის გარკვევამდე ჯერ ისიც უცნობია, მივა თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკვე მეორედ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გუნდი, ლიდერის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ელოდება, სხვა პარტიები კი ურჩევენ, კომისიასთან არ ითანამშრომლოს.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი გადაწყვეტილებით ქვეყანა სამხედრო ესკალაციის საფრთხის წინაშე დააყენა.
საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება - ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია. გამოძიების ფარგლებში თანამდებობის ყოფილი პირების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვები გრძელდება.