
ნანგრევებად ქცეული საავადმყოფოდან მაშველები პაციენტების გამოყვანას ცდილობენ. ""სოროკას"" საავადმყოფოს ირანმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა. საავადმყოფოს კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა. დაჭრილია 100-მდე ადამიანი, კრიტიკულია ექვსის მდგომარეობა.
გამთენიისას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისრაელის ქალაქების და დასახლებების მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თავდასხმის სამიზნე თელ-ავივში, ხალონში და ბეერ-შევაში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა. მძიმედ დაიჭრა ათობით მოქალაქე, მედია წერს, რომ 5 000 ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
ისრაელის ხელმძღვანელმა პირებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის უმაღლეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის დააკისრეს და არც მის ლიკვიდაციას გამორიცხავენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და თავდაცვის შეფისგან ""ცახალმა"" უკვე მიიღო ბრძანება ირანზე დარტყმა განახორციელონ.
კაცს და ნეთანიაჰუს ამ დრომდე არ გამოხმაურებია აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უმაღლესმა ლიდერმა დღეს გენერალური შტაბის მორიგი ახალი ხელმძღვანელი დაამტკიცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ პოზიციაზე დანიშნული ორი გენერალი - ალი შადმანი და ხატამ ალ ანბიასი ისრაელის პილოტებმა ზუსტი წერტილოვანი დარტყმით მოკლეს. ახალი მთავარსარდალი მოჰამედ კამარი წინამორბედების რიტორიკას იმეორებს და ისრაელს განადგურებით ემუქრება.
ირანზე დარტყმები დღეს ისრაელმაც განახორციელა. თეირანი, არაქი, ხონდაბი აფეთქებების ხმა ისმის თეირანშიც. მედიის ცნობით, დედაქალაქში ""ცახალმა"" თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას დაარტყა. იერიშები განხორციელდა ნატანზში და ქერმანშაჰიში მდებარე ბირთვულ ობიექტზე და სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე.
ისრაელს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. ტრამპმა ირანზე დარტყმის ამერიკული გეგმა დაამტკიცა, თუმცა ჯერ კონფლიქტში ჩართვისგან თავს იკავებს. ინფორმაცია საქმესთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხზე თეთრი სახლის სიტუაციურ კაბინეტში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა უკვე მეორედ ჩატარდა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანს ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში დაარტყამს. ინფორმაცია ""ბლუმბერგმა"" საქმესთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა. თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგან შტატების ეროვნულ დაზვერვას ისევ არ აქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობს.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე, ლუკა ჩლაიძე.