18 ივლისი 2025,   18:23
ვრცლად
რა კავშირი აქვს გია ჯაფარიძეს მომავლის აკადემიასთან, რომელიც ბრიტანული გრანტით ფინანსდება - შალვა პაპუაშვილის თქმით, საელჩო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს

მომავლის აკადემია, რომელიც ბრიტანული გრანტით ფინანსდება, საელჩოს ორმაგი სტანდარტით მოქმედების ნათელი მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" სიის წევრ გია ჯაფარიძესა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის კავშირზე დაწერა. პარლამენტის სპიკერი პოლიტიკურად მიკერძოებულ "ენჯეოებზე" საუბრობს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ფარული მიზნების გამო მიმდინარეობდა.

მომავლის აკადემიასთან კავშირს არ უარყოფს გია ჯაფარიძე, თუმცა ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ მიწვეული ლექტორია. თავად ორგანიზაცია კი, Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტში - ანტიკორუფციულ ბიუროს სადამსჯელო ორგანოს უწოდებს და გამჭვირვალობის კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს.

გამჭვირვალობის კანონით ანტიკორუფციული არასამთავრობოებისგან ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. პოლიტიკოსები "ენჯეობს" კანონმდებლობის უარყოფისკენ მოუწოდებენ.

"ოპოზიცია და მესამე სექტორი სპეკულირებს" - ასეთია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიცია. რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს განმარტა, რომ უწყება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ საკონტრაქტო ინფორმაციას ითხოვს, რაც ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებთან კავშირში არაა.

ოპოზციის და არასამთავრობო სექტორს ერთმანეთისგან არ ყოფს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" დიპლომატიური მისიების მხრიდან მათ ლობირებასა და ვენის კონვენციის დარღვევაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ ის ძალები წავიდნენ, რომლებსაც ქვეყანაში არაკანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლა სურდათ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე ინფორმაციის შეგროვება უკვე დაიწყო. მიუხედავად ამისა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ის ორგანიზაციები არ გეგმავენ, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო მიუკერძოებელ სამოქალაქო სექტორს უწოდებს.

დღის ამბები