
მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ევროპარლამენტმა რამდენიმე საათის წინ მიღებული რეზოლუციით მოითხოვა. საქართველოსთან დაკავშირებით ინიცირებულ დოკუმენტს მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრამდე იყო დებატები, სადაც ევროდეპუტატების ერთი ნაწილი მზია ამაღლობელთან ერთად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე, სანქციების აუცილებლობასა და ახალ არჩევნებზე საუბრობდა. კოლეგებს, ევროკავშირის ქვეყნებში, ჟურნალისტების დაკავების კონკრეტული მაგალითები სხდომათა დარბაზშივე შეახსენა დეპუტატების მეორე ნაწილმა და პოლიტიკოსები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
დებატებამდე იყო პერფორმანსი. ევროპარლამენტის დერეფანში, ევროდეპუტატების ერთი ნაწილი, მათ შორის, რასა იუკნევიჩიანე, მალგოჟატა გოშევსკა, პეტრას აუსტრევიჩუსი და მარკეტა გრეგოროვა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - მიხეილ სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის და ნიკა მელიას ბანერებით გამოვიდნენ. ევროპელი კანონმდებლების პერფორმანსს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.
ევროპელი დეპუტატების პერფორმანსი მხარდაჭერის მორიგი დასტურია "ნაციონალური მოძრაობისთვის". ექსპრეზიდენტის პარტია კანონმდებლებისგან ქმედით ნაბიჯებს, ექსპრემიერის გუნდი კი ევროპარლამენტის შენობიდან სააკაშვილის ბანერების გატანას ითხოვს.
ევროპული ფასეულობების დაცინვასა და რადიკალური ქმედებების წახალისებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი პერფორმანსის ავტორებს, ვინც მათივე თქმით, დიდი ხანია ოპოზიციის არეულობის მოწყობის მცდელობებს აფინანსებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოში, ევროკავშირისადმი ნდობას სწორედ ევროპელი დეპუტატების კონკრეტული ჯგუფი ამცირებს.
ევროპელი დეპუტატების პერფორმანსამდე ევროპარლამენტში, რეზოლუციის 7 სხვადასხვა პროექტი განიხილეს და შეჯერდნენ მხოლოდ ერთზე, რომელიც დღეს მიიღეს. პროექტებს შორის იყო, პოლიტიკური ჯგუფის "სუვერენული ერების ევროპის" ალტერნატიული ვერსიაც, რომელშიც საუბარი იყო, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სამართლიანად ჩატარდა და ლეგიტიმური შედეგებით უკმაყოფილების გამო, ევროკავშირი ქვეყანაში ხელს უწყობს პოლარიზაციას და არასტაბილურობას.