18 ივლისი 2025,   17:20
ვრცლად
ვინ ჩაერთვება წინასაარჩევნო მარათონში და ვინ დარჩება პროცესებს მიღმა - ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან, მკაფიო პოზიცია ჯერ მხოლოდ სამს აქვს

"კოალიცია ძლიერი საქართველოს" მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციური ერთიანობის შექმნაა, თუმცა ყოველდღიურად, დროსთან ერთად იკლებს შეთანხმების შანსებიც. "ლელოს" წევრი "ღამის კურიერში" ამბობს, რომ თუ ოპოზიციის გაერთიანება რეალობად ვერ იქცევა, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ.

ვიდრე "კოალიცია ძლიერი საქართველო" ბარიერგადალახული ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათ თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 პარტიის გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს.

"ნაციონალების" მსგავსად ფიქრობენ ყოფილი "ნაციონალებიც". "კოალიცია ცვლილებებში" ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს.

ბოიკოტის კამპანიის დაწყებას აანონსებს ანა წითლიძე, რომლისთვისაც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობასა და საერთო კანდიდატზე მსჯელობა აბსრუდია.

ოპოზიციის პოზიცია გახარიას გუნდისთვის უკვე დიდი ხანია უინტერესოა. ექსპრემიერის გუნდს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაც მიღებული აქვს და სამზადისიც დაწყებული.

ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტებს რესურსი უკვე ამოწურული, მიზანი კი მხოლოდ ერთი - ქვეყანაში არეულობის მოწყობა აქვთ.

ვინ ჩაერთვება წინასაარჩევნო მარათონში და ვინ დარჩება პროცესებს მიღმა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან, მკაფიო პოზიცია ჯერ მხოლოდ სამს აქვს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები