
სიძულვილის ენის კრიმინალიზებას ევროპარლამენტი ევროკავშირის დონეზე ითხოვს. მიზეზებს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ. ევროპელი დეპუტატები თანხმდებიან, რომ სიძულვილის ენა სერიოზული საფრთხეა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. ევროპული ღირებულებებისთვის მუდმივი საფრთხის ფონზე კი, გამართლებულად მიაჩნიათ დაგმონ მსგავსი შემთხვევები, როგორც ძირითად, ასევე სოციალურ მედიაში.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ის რაც ევროპისთვის კარგია, დამაზიანებელი ვერ იქნება საქართველოსთვის.
ევროპელი დეპუტატების მოთხოვნის მიღმა, ოპოზიცია ვერც პრობლემას ხედავს და ვერც ორმაგ სტანდარტს. ამბობენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებაა და მიდგომების შედარება გამართლებული ვერ იქნება.
ქართველი კანონმდებლებისთვის ევროპელი კოლეგების ინიციატივა ლუსტრაციაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, სიძულვილის ენის კრიმინალიზების მოთხოვნით დადასტურდა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტს და ევროპულ სტრუქტურებს შერჩევითი მიდგომა ჰქონდათ.
სიძულვილის ენის კრიმინალიზების მოთხოვნის ინიციატივა გაჟღერებულია, ახლა ევროპელმა კანონმდებლებმა იმაზე უნდა დაიწყონ მსჯელობა რა ფორმით მოხდეს სავარაუდო დანაშაულზე რეაგირება და როგორ გავრცელდეს ის ევროკავშირის დონეზე.