18 ივლისი 2025,   18:16
ვრცლად
დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - საცხოვრებელ სახლებში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებებს აფასოებდნენ​ და კლიენტებისთვის სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები. ჩხრეკა იმ სახლში ჩაატარეს, სადაც 22 წლის მამაკაცი ცხოვრობს. ახალგაზრდა კაცი ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული. 

ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც. ბინაში 23 წლის მამაკაცი ცხოვრობს, რომელსაც პოლიციამ ხელბორკილები მაშინ დაადო, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდა. "კურიერის "ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას დაკავებულს ჯიბეში გასაყიდად გამზადებული მარიხუანა ედო.  

ნარკოდანაშაულის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირი აიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალია - 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბრალად ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვა და რეალიზაციის მცდელობა ედება. "კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებამდე ბრალდებული მეთადონის გაყიდვას გეგმავდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, 5 პირიდან სამი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა, 2 კი ქუჩაში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაჩხრიკეს. მათ დაფასოებული ნარკოტიკი აღმოაჩნდათ.

ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებული პირები კადრებში ჩანან. მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ირკვევა, რომ ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ მითითებული სამალავიდან ამოიღო. მტკიცებულებებს შორისაა წებოვანი ლენტები და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. 

ამ ეტაპზე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 5 პირი, თუმცა მალე ეს რიცხვი გაიზრდება. უკვე ცნობილია, რომ ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულები ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. სასამართლომ ხუთივე მათგანი 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. 

5 პირის დაკავების საქმეზე, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა, გასაღების მცდელობის და მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  

დღის ამბები