
პროკურატურაში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებთან დაკავშირებით გამოკითხვები აქტიურად გრძელდება. დღეს საგამოძიებო უწყებაში ჩორჩანაში მცხოვრებ მალხაზ ლომიძეს და სოფელ წაღვლის მკვიდრს, თამაზ ლომიძეს ელოდებიან.
სწავლობენ 2019 წელს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს მოწყობის შესახებ. ამავე საკითხის განსახილველად, ორშაბათს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გახარია კიდევ ერთხელ არის დაბარებული.
პარტიაში ვარაუდობენ, რომ ექსპრემიერი გამოკითხვაზე მივა, თუმცა თავად გახარიას პოზიცია კვლავ უცნობი რჩება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს არასწორ გადაწყვეტილებაზე.
"ბატონმა გიორგი გახარიამ მიიღო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად გადაწყვეტილება, რომელიც არ შეუთანხმებია არავისთან, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.
ცხადია, მან, როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როგორ პრემიერ-მინისტრმა, პასუხი უნდა აგოს მის მიერ მიღებულ უკანონო, თუ არასწორ გადაწყვეტილებებზე. გამოძიების შედეგად, გამოიკვეთება, თუ ვისი ინტერესი იყო ის, რომ საქართველოს კიდევ დაეკარგა ტერიტორიები", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.