08 ივლისი 2025,   06:33
ვრცლად
"ოპოზიციური ძალა ერთიანად რომ გამოვიდეს არჩევნებზე ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ" - გიორგი ჩაკვეტაძე

არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, მაგრამ რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია, ჯერჯერობით უცნობია. მკაფიო პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებს, მათ მსგავსად მოიქცნენ, რასაც არ ეთანხმება გახარიას პარტია - ისინი არჩევნებში მონაწილეობენ.

პარტია "ლელო-ძლიერი საქართველო" კი კვლავ მოლაპარაკებებს ცდილობს და მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები დაკვეთებს გარედან ელოდებიან, თუმცა, ასევე განმარტავენ, რომ ეს მათ შედეგებზე არ აისახება.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ოპოზიციას, მათი გაერთიანების შემთხვევაშიც კი, 64-ვე მუნიციპალიტეტში დაამარცხებს.

"ოპოზიციური ძალა ერთიანად რომ გამოვიდეს არჩევნებზე, ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. გვაქვს მიზანი, რომ გავიმარჯვოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ისე საკრებულოებში.

როგორი ინსტრუქციაც ექნებათ, ზუსტად ისე იმოქმედებენ. თუ ეტყვიან, ოთხივე მიიღებს მონაწილეობას, თუ ეტყვიან, არცერთი არ მიიღებს მონაწილეობას, ან თუ იქნება რაღაც შეთანხმება, შეიძლება "გაერთიანდნენ" და ასე გამოვიდნენ არჩევნებზე. მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ნება, მათ აქვთ საერთაშორისო პატრონების დღის წესრიგი", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები