
"სანამ მე დავუკრავ, დარბაზში ერთი სკამი ყოველთვის თავისუფალი იქნება და ის შენ დაგელოდება დედა" - ეს სიტყვები ლექსო თორაძემ დედას, ლიანა ასათიანს მისწერა და ამ წერილით თორაძეების ოჯახის ახალი ისტორიაც დაიწერა. ის ამბავი რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაცოცხლდა.
"თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი" ლიანა ასათიანის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოთი დასრულდა.
მსახიობი, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფში წარუშლელი კვალი დატოვა და დედა, რომელმაც ქვეყანას გენიალური მუსიკოსი აჩუქა.
საიუბილეო საღამო მუსიკალურ ნომრებს, ტექსტურ მონოლოგებსა და ვიდეოჩანაწერებს მოიცავდა.
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდა მუსიკოსებს გზა საერთაშორისო ასპარეზზე გაუხსნას.
საიუბილეო საღამოზე ფესტივალის მასტერკლასების მონაწილე ოთხ ახალგაზრდა მუსიკოსს "თორაძის ფონდის" ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.
ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძისა და მისი შვილის ცნობილი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძისადმი მიძღვნილი ფესტივალი "თორაძის ფონდის", კულტურის სამინისტროსა და ფონდი "ქართული გალობის" თანამშრომლობით იმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.