
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2024 წლის წლიური ანგარიში მოისმინა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებებით, საჯარო მომსახურების გამწევი თბოელექტროსადგურებისთვის 2024 წლის იანვარ-ივნისში, ივლის-დეკემბერსა და 2025 წლის იანვარ-ივნისში შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი 1000 მ³-ზე 210 აშშ დოლარით განისაზღვრა.
კომისიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ორი 10 მგვტ-იანი აგრეგატისგან შედგება, წლიურად 69 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიამ შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია მიანიჭა. კომპანიას 6 თვის ვადაში ევალება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ის ექსპლუატაციაში მიღება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა საბოლოო ლიცენზიის მისაღებად. ჰესის საპროექტო წლიური გამომუშავება 194 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს და ის ორ 22.25 მგვტ-იან აგრეგატს მოიცავს.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2014-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 3.1%-ით იზრდებოდა.
"პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან შედარებით 15.7%-ით შემცირდა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 55,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან შედარებით 19.9%-ით შემცირდა. ხოლო ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 28.7%-ით შემცირდა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო წელს განხორციელდა 1,074 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2023 წლის რაოდენობასთან შედარებით 68.8%-ით, ხოლო 2022 წლის რაოდენობასთან შედარებით 66.0%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ბუნებრივი აირით მომარაგების მიმართულებას, როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2024 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 1,5%-ით და 3.011 მლრდ კუბ.მ შეადგინა.
საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2024 წელს 1,528 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კი – 1,483 მლნ კუბ.მ, მათ შორის, 615 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებაა.
წყალმომარაგებისა და მელიორაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისიამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საირიგაციო წყლის არაპროფილური მომხმარებლების გამრიცხველიანების გეგმა მოიცავს 2024-2025 წლებს, ხოლო საბალანსო მიწოდების წერტილების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და გამრიცხველიანების გეგმა 2025-2035 წლებისთვის განისაზღვრა.
კომიტეტმა კომისიის ანგარიში დადებითად შეაფასა.