18 ივლისი 2025,   18:06
ვრცლად
რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამდე და რა ხდება დღეს - 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, წაღვლის ორი მოსახლე 2 საათის განმავლობაში საუბრობდა

რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან ჩორჩანას საგუშაგოს გახსნამდე და რა ხდება დღეს? - 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე წაღვლის ორი მოსახლე 2 საათის განმავლობაში საუბრობდა. პროკურატურაში დღეს მალხაზ და თამაზ ლომიძეები გამოიკითხნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ ტყეს, რომლითაც მოსახლეობა შეუფერხებლად სარგებლობდა დღეს ვეღარც უახლოვდება, რადგან ტერიტორიაზე უკვე საოკუპაციო ძალების ბლოკ-პოსტები დგას. მოწმეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების მხრივ იქ საგუშაგოს განთავსების საჭიროება არ არსებობდა და ადგილზე ვითარება სწორედ 2019 წლის აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიძაბა.

ადგილობრივების განცხადებებისგან სრულადაა აცდენილი თავად გახარიას პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ მის პერსონალურ გადაწყვეტილებას ზიანი არავისთვის მოუტანია. რატომ არ შეათანხმა შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა უსაფრთხოების სამსახურსა და საერთაშორისო მისიებთან - კითხვებზე პასუხების მისაღებად, გახარიას უკვე მეორედ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან.

გიორგი გახარიასგან მკაფიო პასუხებს ითხოვენ ოპოზიციაშიც, პარალელურად აინტერესებთ, მივა თუ არა კიდევ ერთხელ კომისიის სხდომაზე, რასაც პირველ ჯერზეც შეცდომად უთვლიდნენ. ექსპრემიერის გუნდში ლიდერის პოზიციას ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ადგილობრივების ჩვენებების მიუხედავად ამტკიცებენ, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა, სწორედ უსაფრთხოების გამო გადაწყდა.

სტრატეგიულად გაუმართლებელი და ყველასთან შეუთანხმებელი ნაბიჯი - ასე აფასებს მმართველი გუნდის გიორგი გახარიას 2019 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნება" შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება - ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია. გამოძიების ფარგლებში, თანამდებობის ყოფილი პირების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვები გრძელდება.

დღის ამბები