18 ივლისი 2025,   16:59
ვრცლად
სავარაუდო დანაშაულის ნიშნები - ბაია პატარაია ღიად ამბობს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს მისი ორგანიზაციის დოკუმენტაციას არ გადასცემს და არქივის დიდი ნაწილიც უკვე განადგურებულია

სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს მმართველი პარტია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედებებში ხედავს. სახელისუფლებო ძალა დარწმუნებულია, რომ ენჯეოები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის აღსრულებაზე უარს ამბობენ, პარალელურად კი ორგანიზაციის დოკუმენტაციასა და არქივს ანადგურებენ, მიზანმიმართულად სჩადიან უკანონობას და მცდელობა აქვთ შესაძლო დანაშაული დამალონ.

"გამჭვირვალობის კანონით" დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ქართული არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა უარს ამბობს. თუმცა მათი ნაწილი კონკრეტულ ქმედებებზეც გადავიდა. ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ღიად ამბობს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს მისი ორგანიზაციის დოკუმენტაციას არ გადასცემს და არქივის დიდი ნაწილიც უკვე განადგურებულია.

ბაია პატარაიას განცხადების შინაარსში შესვლას დღეს ოპოზიცია მოერიდა. "საფარის" დირექტორის მიერ არქივის განადგურებას კი, საკუთარი ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების დაცვის მცდელობით ამართლებენ.

პირადი მონაცემების დაცვის არგუმენტით, არქივის განადგურება მმართველ პარტიას კიდევ უფრო მეტ კითხვას უჩენს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კონფიდენციალურობის დაცვა, ანტიკორუფციულ ბიუროს ვალდებულებაცაა. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ "საფარი" შეგნებულად ანადგურებს კონკრეტულ ფაქტებს და ამით სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის.

"ქართული ოცნება", არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ კანონს და უპასუხონ ანტიკორუფციულ ბიუროს კითხვებს, იხარჯება თუ არა დონორებისგან მიღებული თანხა მიზნობრივად.

დღის ამბები