
"გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა", სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებული სარესტავრაციო და საკონსერვაციო ღონისძიებები საზოგადოებას გააცნო. თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა გახსნა.
კონფერენციას ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ. სპეციალისტებმა გელათის მონასტრის მართვის განახლებული გეგმის პროექტი და გენერალური გეგმა წარმოადგინეს.
ორწლიანი ანგარიში, გელათის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის, ასევე სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის, კონსერვაციის, კედლის მხატვრობის და სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.
თითოეულმა გამომსვლელმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და რეაბილიტაციის მიზნით გადაიდგა.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად, კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს.
კონფერენციაზე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანმა, გერჰარდ ვოლფმა ყურადღება ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივ მუშაობაზე გაამახვილა.
"გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის" ანგარიშის მიხედვით, ორწლიანი სარესტავრაციო და საკონსერვაციო ღონისძიებები პოზიტიურად ფასდება და მსოფლიო კულტურული მემკვიდრების დაცვის მიზნით, სამუშაოები გრძელდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.