
"ქართული ოცნების" წევრები ყურადღებას საერთაშორისო პრაქტიკაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში, საქართველოსგან განსხვავებით, სადამსჯელო ღონისძიებები სხვა ქვეყნებში გაცილებით მკაცრია.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიებზე გამოუცხადებლობისთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციები განსხვავდება, თუმცა, უმეტეს მათგანში, დაუმორჩილებლობა სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება.
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, რომელთა ლიდერები საგამოძიებო კომისიაზე განმეორებით დაიბარეს, კომისიასთან თანამშრომლობაზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. თანხმდებიან მხოლოდ იმ საკითხზე, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ინტერესებისთვის არის გამოყენებული.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ოპონენტებს ახსენებენ, რომ ხელისუფლება ევროპული ქვეყნების თუ ამერიკული კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედებს.
დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის, დაწესებული გირაოს გადაუხდელობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. მათგან განსხვავებით, 50 000 ლარის ოდენობის გირაო უკვე გადახდილი აქვს "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომლის საქმეზეც განაჩენი, ორშაბათს გამოცხადდება.