18 ივლისი 2025,   17:24
ვრცლად
"ძლიერი საქართველოს" შეთავაზებაზე, მათი კოლეგები განცხადებებს, მხოლოდ საკუთარი პარტიების ტრიბუნებიდან აკეთებენ - ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პოზიციებს ვერ აახლოებს

"ლელოს" პოლიტიკურ მაგიდასთან ოპოზიცია ისევ არ ჩანს. "ძლიერი საქართველოს" შეთავაზებაზე, მათი კოლეგები განცხადებებს, მხოლოდ საკუთარი პარტიების ტრიბუნებიდან აკეთებენ. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პოზიციებს ვერ აახლოებენ. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში კი ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერების ნაწილს უკვე შეხვდნენ, თუმცა სად და რა თემებზე, არ აკონკრეტებენ.

საარჩევნო მარათონში ჩართვაზე ხაზარაძის "ლელოს" ღია მინიშნებებს, ისევ მწვავედ აკრიტიკებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ვერც დისკუსიის აზრს ხედავენ. "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას იზიარებს კოალიცია "ცვლილებებისთვის". კოლეგების ბულინგი არ აშინებთ გახარიას გუნდში, სადაც "გირჩის" მსგავსად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადებიან.

ოპოზიციის სტრატეგია რომ არ გაამართლებს, ამაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდი. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას მათი ოპონენტები, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მიიღებენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური თამაში წარუმატებელი იქნება, "ქართული ოცნება" კი სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვე და 2 კვირა რჩება. დრო ცოტაა, ჯერჯერობით კი დასაზუსტებელია - "ქართული ოცნების", "გირჩის" და გახარიას პარტიის გარდა, რომელი პოლიტიკური ძალის ნომერი დახვდება ამომრჩეველს, საარჩევნო ბიულეტენზე.

დღის ამბები