
ზღვისპირა რეგიონი სტუმრების მისაღებად ემზადება - ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ზაფხულის დღეებმა სტარტი სწორედ ამ ქალაქიდან აიღო. სეზონისთვის სრულ მზადყოფნის შესახებ საუბრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი.
ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეულები იყო წარმოდგენილი, რომლებიც დამსვენებლების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. დღესვე, 6 მაშველი განსაკუთრებული სიმამაცის და თავდადებისთვის, სამინისტროს მედლით – "მამაცობისთვის" – დაჯილდოვდა.
"ზაფხული იწყება აქ“ - ფესტივალი, რომელიც უკვე წლებია ზღვისპირა ქალაქში ტარდება, ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კოსტიუმირებული წარმოდგენები, ფრანების შოუ და ცოცხალი მუსიკა ზაფხულის ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ქალაქის ხასიათს, უფრო მკვეთრ ფერებში წარმოაჩენს.
ტურისტული სეზონისადმი მოლოდინი წელსაც დიდია - აჭარაში ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას ელოდებიან.
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ზაფხულის ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ზღვისპირა ქალაქი, სეზონის გახსნას სტუმართან ერთად აღნიშნავს.