18 ივლისი 2025,   17:37
ვრცლად
"დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიან შედეგებს მოიტანს" - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის თავდასხმაზე

"დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიან შედეგებს მოიტანს," - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რითაც ირანის ატომურ სადგურებზე, აშშ-ის მხრიდან, მასშტაბურ იერიშებს გამოეხმაურა.

არაღჩი გმობს აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს და ამბობს, რომ ირანი იტოვებს ყველა გზას საკუთარი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაეროს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმება.

დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიან შედეგებს მოიტანს. გაეროს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედების გამო.

გაეროს ქარტიისა და მისი დებულებების შესაბამისად, რომელიც თავდაცვის მიზნით, ლეგიტიმურ რეაგირების საშუალებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა გზას საკუთარი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა. ამერიკელმა სამხედროებმა უმაღლესი დონის ბომბდამშენი B-2 Spirit გამოიყენეს. ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი ტიპის იარაღით. მისი ტვირთამწეობა 40 ათას ფუნტს აღწევს და აქვს შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანული ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ დარტყმების მიზანი "ბირთვული საფრთხის" შეჩერება იყო. შტატების 47-ე პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, მომავალი თავდასხმები უფრო მასშტაბური იქნება.

დღის ამბები