17 ივლისი 2025,   20:11
ვრცლად
"არ მაქვს კარგის მოლოდინი, არც გამამართლებელი განაჩენის და დიდი ალბათობით, შეიძლება დადგეს საპატიმრო სასჯელი" - "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე

ხვალ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ. სხდომაზე, 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე, განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ზურაბ ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სხდომას არ დაესწრებიან.

საქმესთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გიორგი სიორაძის შეფასებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს მიიღებს.

"ხვალ რაც მოხდება სასამართლოზე, ნამდვილად არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. მე არ მაქვს კარგის მოლოდინი, არც გამამართლებელი განაჩენის და ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება დადგეს საპატიმრო სასჯელი. არალეგიტიმურ კომისიაზე მისვლა არ არის სწორი", - აღნიშნავს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, ამის გამო კი ის 22 მაისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათ 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რაც ორივე ოპოზიციონერმა გადაიხადა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დღის ამბები