
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს გიორგი გახარიას პარტია. გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ექსპრემიერი, ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე კომისიისთვის ჩვენების მიცემას დისტანციურად ითხოვს, სანამ საქართველოში დაბრუნდება. თუმცა ამავე განცხადების თანახმად, კომისია დისტანციურად გამოკითხვაზე უარს ამბობს და დაჟინებით ითხოვს, ხვალინდელ სხდომაზე გახარია ფიზიკურად გამოცხადდეს. ექსპრემიერის პარტიის შფასებით, კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას ობიექტური ახსნა არ აქვს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გახარია მიზანმიმართულად ცდილობს თავი აარიდოს კითხვებზე პასუხს, რადგან მის თვითნებურ გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს.
"თავი აარიდა გამოცხადებას და ამიტომ თქვა, რომ ჩავერთვები ონლაინ. ამ გაგებით ჩვენ მაინც ვთვლით, ჩაითვალა კომისიის მიერ, რომ სასურველია ის ონლაინ კი არა, პირადად დაესწროს საგამოძიებო კომისიაზე მოსმენას და ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით ონლაინ ჩართვაზე და დაველოდებით პირადად გამოცხადებას", - აცხადებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
ჩორჩანას ეპიზოდზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. საუბარია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებაზე.